დაიბადა : 1981 წლის , 12 ივნნისი თმის ფერი : ყავისფერი ზომები (პარამეტრები) :86-61-89 (34-24-35) თვალის ფერი : ცისფერი
ადრიანა ფრანჩესკა ლიმა 1981 წელს დაიბადა ბრაზილიის სამხრეთში მდებარე ქალაქ სალვადორში.მომავალი სუპერმოდელის მშობლები სოციალური სფეროს მუშაკები იყვნენ. ადრიანა 6 თვის იყო მამამ ოჯახი რომ მიატოვა და ლიმას აღზრდით მხოლოდ დედა იყო დაკავებული.მას შემდეგ ადრიანას მამასთან ურთიერთობა არ ჰქონია, მხოლოდ 2007 წელს მოხერხდა მცირეხნიანი შეხვედრის ორგანიზება. თუმცა ადრიანამ არ ისურვა იმ ადამიანთან შერიგება, რომელმაც ის და დედა ყველაზე რთულ პერიოდში მიატოვა. ადრიანას აქვს ფრანგული და პორტუგალიური ფესვები, ასევე მის ძარღვებში ჩქეფს ამერიკელი ინდიელების და კარიბის კუნძულების აბორიგენთა სისხლი.
ადრიანა 13 წლის იყო, როდესაც ის და მისი მეგობარი ერთ-ერთი სამოდელო სააგენტოს თანამშრომელმა სავაჭრო ცენტრში შეამჩნია. მომავალი მოდელი საყიდლებზე იყო იქ. ადრიანამ სამოდელო სფეროში ქასთინგზე უარი არ განაცხადა და სულ მალე გახდა „ფორდ სუპერმოდელ ბრაზილიის" კონკურსის გამარჯვებული. ცოტა ხანში „ფორდის" ბრაზილიის ბიურომ მასთან პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა. იმავე წელს ადრიანამ მეორე ადგილი დაიკავა კონკურსში – „ფორდ სუპერმოდელი", რომელიც ამჯერად მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდებოდა. 18 წლის ასაკში ადრიანა ნიუ–იორკში მიიწვიეს, სადაც მან „ელიტ მოდელ მენეჯმენტთან" გააფორმა კონტრაქტი.
ამას მოჰყვა უამრავი ფოტოსესია წამყვანი პრიალა ჟურნალებისთვის. საერთო ჯამში, ადრიანა ლიმა 13 ჟურნალის ყდაზე მოხვდა, მათ შორის ისეთი ჟურნალების გარეკანებზე, როგორებიცაა „Marie Claire" და „Vogue".იმავე პერიოდში მისი დებიუტი შედგა უმაღლესი დონის ჩვენებებზე. პოდიუმზე ის „Christian Lacroix–ს", „Fendi–ის", „ Emanuel Ungaro–ს", „Giorgio Armani–ს", „Valentino–ს" და კიდევ უამრავი სხვა ცნობილი სამოდელო სახლის ტანისამოსით გამოდიოდა.ნამდვილი მსოფლიო აღიარება კი მას სარეკლამო ბანერმა მოუტანა, რომელიც ნიუ-იორკში, თაიმ-სქვერზე იყო გამოფენილი და რომელშიც ადრიანა ლიმა რეკლამას უკეთებდა ბრენდ „ვაზარეტოს".
2000 წელს ადრიანამ ხელი მოაწერა კონტრაქტს „Guess" და ჯინსის ნაწარმის რეკლამირებას შეუდგა. ხოლო ნამდვილი სუპერპოპულარობა და მრავალმილიონიანი შემოსავალი ლიმას „Victoria's Secret–თან" გაფორმებულმა ხელშეკრულებამ მოუტანა. ამ ურთიერთობის საფუძველზე, ადრიანა ლიმა პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად იქცა.
რაც შეეხება პირად ცხოვრებას 2009 წლის 14 თებერვალს ლიმამ საიდუმლო ვითარებაში ჯვარი დაიწერა სერბ კალათბურთელზე მარკო იარიჩზე. წყვილი 2006 წლიდან ხვდებოდა ერთმანეთს და ახლა უკვე შვილიც ჰყავთ.
|